logo
ENG



აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი დაიწყო

07 დეკ 202011:04
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი იმართება. 

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან წინადადებას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას, დღეს გაირკვევა. 

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, რომ პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ ბურთი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების მხარეს". - თქვა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე. 

ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ მმართელი გუნდის მხრიდან მცირე, თუმცა, არასაკმარისი კომპრომისები არის. 

"უნდა დათმოს ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი რაღაცები. მაშინ მოლაპარაკებას საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ, არც ქართული ოცნება და არც ელჩები. შეიძლება დავიშალოთ ისე, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ გარკვეული იმედი არის, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. გარკვეული კომპრომისები არის, არასაკმარისი. დანარჩენს სულ ცოტა ხანში გავიგებთ". - თქვა მან. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, როგორც კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. 

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება. 

ქართული ოცნება ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან.

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა